შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან

შეხვედრა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან

დღეს, სასტუმრო რედისონში - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „ნეიროგანვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობასთან დაკავშირებით. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირებაზე, რაც გულისხმობს პირის ფუნქციურ შეფასებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩართულობის ხელშეწყობას. განხილული იქნა მხარდამჭერი პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნება პირის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე მორგებული გარემო, რაც ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან ჩართულობას.
ა(ა)იპ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფასა და ადვოკატირებაზე მიმართული, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 24 არასამთავრობო ორგანიზაციის ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.