''მეგობრები არ თვლიან ქრომოსომებს" კამპანიას ხელვაჩაურის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქციაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო. "მეგობრები არ თვლიან ქრომოსომებს" - ჭრელი წინდების კამპანიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე (WDSD) ცნობიერების ამაღლების გლობალური დღეა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად ყოველწლიურად 2012 წლიდან, აღინიშნება. დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში. აღნიშნულ ფაქტს 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაავადება გვხვდება მსოფლიოს ყველა რეგიონში და მისი გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ინტეგრირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობას, ინდივიდუალური ზრდისა და განვითარების ადრეული ჩარევის პროგრამებს ენიჭება. ასევე აუცილებელია ინკლუზიური განათლებაც.