კირნათი-მაჭახელას მიმართულებით ასფალტის საფარი დაეგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, ვიცე მერი ზვიად ხალვაში და საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათი 4 235 მეტრზე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო-7“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 904 585 ლარს. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით.