ხელვაჩაურში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

ხელვაჩაურში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

   ხელვაჩაურში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ბინები ეკომიგრანტებს გადასცა. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 
   პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პირველად განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „ მშენებელი 80“-მა განახორციელა. სოციალური სახლების მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა. 50 ბინიანი სოციალური სახლი შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებულია.
   ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შესული განცხადებების საფუძველზე მოხდა. დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადებები შერეულმა კომისიამ განიხილა. აღნიშნული კომისია დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდნენ.
   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში, ორი 5 სართულიანი "სოციალური სახლის" მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელს დასრულდა.
2013-2016 წწ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის რეკომენდაციით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა 213 ეკომიგრანტ ოჯახს. დღევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი 50 ოჯახით გაიზარდა, სულ მალე, ხულოს სოციალურ სახლში 80-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემათ ბინები.