სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების პრეზენტაცია

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ამ წუთებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა თურმანიძესთან ერთად შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე ავთანდილ მესხიძე მოსახლეობას 2018 წელს დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაციას აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, თემის რწმუნებულები და ფერმერები.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას, აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე შემასხურებელი აპარატების მიწოდება. მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარება.
ხელვაჩაურის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამით რომლის ფარგლებშიც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ 100 კვ.მ-დან 1000 კვ.მ-დე სასათბურე მეურნეობის მოწყობის დროს მიიღონ სამინისტროსაგან 70%-იანი თანადაფინანსება
ასევე განხორციელდება აგრარული ექსტენციის მიწოდების ქვეპროგრამა სადაც ფერმერებს საველე პირობებში შესაძლებლობა ექნებათ უსასყიდლოდ მიიღონ ცოდნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. სამინისტროს პროგრამების ფარგლებში ასევე განხორციელდება რამოდენიმე კვლევა და შემუშავებული იქნება სტრატეგიული დოკუმენტები.
2018 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 10 168 575 ლარს. მიმდინარე წელს სამინისტრო განსხორციელებს 8 პროგრამას, რომელიც მოიცავს 18 ქვეპროგრამას.