საქართველოს პირველი ლედი ხელვაჩაურში მცხოვრებ შშმ პირების მშობლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი ხელვაჩაურში მცხოვრებ შშმ პირების მშობლებს შეხვდა

   დღეს  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, საქართველოს პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე-ასოციაცია ,,ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, კოალიცია ,,მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 
  საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟით ხელვაჩაურში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მშობელთა თემის მობილიზებას და გაძლიერებას ეხება. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის მათთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაა.    

  პროექტი ექვსთვიანია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის” ორგანიზებით ხორციელდება.

   აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობას ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ საჭიროებებზე, დასაქმებაზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
   შეხვედრას 35 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელი ესწრებოდა. ოფიციალური სტატისტიკით, ხელვაჩაურში 29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 163 პირი ცხოვრობს.
    ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბი 2016 წლის დეკემბრის თვეში შეიქმნა და უკვე ჩატარდა 5 სამუშაო შეხვედრა.