ორდღიანი საინფორმაციო სესია მუნიციპალიტეტებისთვის

ორდღიანი საინფორმაციო სესია მუნიციპალიტეტებისთვის

დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი საინფორმაციო სესია მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართული შეხვედრა თემატური პრეზენტაციებით და დისკუსიის ფორმატით წარიმართა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და საბავშვო ბაღის გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. „სკოლამდელი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, არის ოთხწლიანი, უნიკალური, ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს ერთიანი საგანმანათლებლო და ერთიანი ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, უფლებრივი ნაწილის, ჯანდაცვის, კვების, ჰიგიენის - ამ კომპონენტების ახალი ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. ეს არის რეფორმა, რომელშიც ჩვენი ხერლისუფლება ძალიან დიდი რესურსს დებს და ეს შეხვედრა, ჩვენი კომიტეტის მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ემსახურება იმ მიზანს, რომ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც ძალიან მალე უნდა დაიწყონ ავტორიზაციის პროცესი, მოემზადონ ამ რეფორმისთვის, რათა წარმატებით განახორციელონ იგი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. სესია ხვალ, 1 აპრილს განახლდება. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნობიან ინფორმაციას: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები რაციონის კვებითი ღირებულებისა და კვების ორგანიზების შესახებ: ტექნიკური რეგულაციები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის შესახებ , ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე.