მაჭახლის ხეობაში დამატებით 9 სოფელი ისარგებლებს მთის კანონით

მაჭახლის ხეობაში დამატებით 9 სოფელი ისარგებლებს მთის კანონით

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით, 45%-ს.
საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება.
2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის შეჩერება, მოსახლეობის დაბრუნება სოფლებად, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის განვითარება, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებით მეწარმეობისთვის ხელის შეწყობა, მთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა.