ხელვაჩაურში სეტყვით გამოწვეულ ზარალს ზურაბ პატარაძე გაეცნო

ხელვაჩაურში სეტყვით გამოწვეულ ზარალს ზურაბ პატარაძე გაეცნო

  2016 წლის 2 ნოემბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეების ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მეციტრუსე ხუსეინ წულუკიძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა. ზურაბ პატარაძე ფერმერს არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, სეტყვა ღამით რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ამ ეტაპზე, ვიზუალური აღქმით შეუძლებელია მიყენებული ზიანის დათვლა.

"რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს. ამისათვის ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მუნიციპალური სამსახურები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია."

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს დაწყებული აქვთ რეგიონში სეტყვის შედეგების შესწავლა. სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, ციტრუსის დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევული ციტრუსოვანთა ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს.

მნიშვენლოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი შემდეგ ნომერზე - 1501, ასევე ცხელი ხაზი მუშაობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროში - 577 30 29 93, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.