ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული ''მაჭახლობა–2017" გაიმართა

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული ''მაჭახლობა–2017"  გაიმართა

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ღია ცის ქვეშ, მდინარის ნაპირას სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა–2017“ გაიმართა.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები, გაიმართა ადგილობრივი რეწვის დემონსტრირება და კულინარიული ნაწარმის დამზადება და დაგემოვნება. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით გაიმართა კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ საპატიო სტუმარი და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვეს.

ხეობის „საპატიო სტუმრებად“ წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახლელის“ წოდება ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს.

სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფლებში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელის და საპატიო სტუმრების გამოვლენას.

ღონისძიებას გამგეობის,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სახალხო დღესასწაულს  მეზობელი თურქეთში მცხოვრები ქართველები და ტურისტები ესწრებოდნენ.  

 ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია და შავი ზღვის
ეკოაკადემია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო.