ხელვაჩაურის ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამით სწავლება დაინერგა

ხელვაჩაურის ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამით სწავლება დაინერგა

        სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ახალსოფლის საბავშვო ბაღში გაიმართა შეხვედრა - პრეზენტაცია. ააიპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ მომზადდა მოკლე პრეზენტაცია თუ როგორ უნდა განხორციელდეს ბაღებში ახალი პროგრამის დანერგვა. პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა.

   პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკვლევი), აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელებისათვის. სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში დღეში სამ საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების 5-6 წლის ასაკის ჯგუფებში განხორციელდება. იგი თამაშით სწავლების მეთოდიკის საშუალებით ბავშვების სკოლისათვის მომზადებას ითვალისწინებს. ახალი პროგრამა ხელს უწყობს აღსაზრდელის მრავალმხრივ და სრულფასოვან განვითარებას: მოტორულის, სოციალურის, ემოციურის, მეტყველებისა და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას. პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის მომზადებას პირველი კლასის მოსწავლის მიმართ არსებული მოლოდინებისა და გამოწვევებისათვის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით სწავლებას 11 საბავშვო ბაღის 410-მდე აღსაზრდელი გაივლის