ექიმების მობილური გუნდის მომსახურება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მობილური გუნდი ზუსტად ერთი წელია ემსახურება მოსახლეობას. ხელვაჩაურის მერიის დაფინანსებით „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ კვალიფიცირებული კადრებით დაკომპლექტებული მობილური გუნდი (ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ნევროლოგის, ექთნისა და სოციალური მუშაკის შემადგენლობით) მუნიციპალიტეტს რეგულარულად სტუმრობს და კონსულტაციებსა და უფასო, ბენეფიციარებისთვის საჭირო ფსიქოტროპულ მედიკამენტს ადგილზე აწვდის. რეგულარულად ხდება ექიმი ფსიქიატრის მიერ მდგომარეობის ინდივიდუალურიმართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება.
პროგრამა გათვლილია მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას და წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ზრდის პაციენტის
ჯანმრთელობაზე ზრუნვის (რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნება) შესაძლებლობას და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას.
თვის განმავლობაში პროექტის მიხედვით ადგილზე ხდება 50 ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება და მედიკამენტით უზრუნველყოფა. პროექტის განსახორციელებლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო 77 400 ლარი.
აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.