ძლიერი წვიმების შედეგად ხელვაჩაურში მეწყერული პროცესები განვითარდა

ძლიერი წვიმების შედეგად ხელვაჩაურში მეწყერული პროცესები განვითარდა

უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერის 8 კერა დაფიქსირდა. ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აგარაში, ასლან ქათამაძის სახლთან ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ ყოროლისთავში ცენტერაძეების დასახლებასთან ჩამოწვა მიწის მასა რამაც გამოიწვია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. სოფელ ზედა ჯოჭოში ეთერ დოლიძის საცხოვრებელი სახლის მახლობლად ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ სამებაში მადონა დავითაძის სახლის უკანა ნაწილთან წვიმის შედეგად ჩამოინგრა ფერდსამაგრი კედლის ნაწილი. სოფელ ზანაქიძეებში არსენ ზოიძისა და კობა ხინკილაძის საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწოლილია მიწის მასა. სოფელ სარფში (ზედა კალენდერე) წყალსაცავთან მისასვლელ გზაზე, ემზარ კაკაბაძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა მიწის მასა. სოფელ სამებაში ნუგზარ გოგიტიძის საცხოვრებელ სახლთნ განვითარებული მეწყერული პროცესების შედეგად, ეზოში ჩამოსკდა მიწის მასა, ისე რომ სახლის საძირკველი გამოჩნდა. ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა ჭარნალის წყლის სათავე ნაგებობა, რის გამოც მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი, დღის ბოლომდე დასრულდება სათავე ნაგებობის გაწმენდითი სამუშაოები და წყლის მიწოდება აღდგება. ასევე, სოფელ ჭარნალში მდინარის ადიდების შედეგად დაზიანდა ნაპირთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ბოძის საძირკველი, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია კომპანია ,,ენერგოპროჯორჯია’’. აღნიშნული ადგილები უკვე მოინახულეს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, დღის ბოლომდე ყველა ზემოთ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიწმინდება ჩამოწოლილი მიწის მასები. შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ სამებაში, ნუგზარ გოგიტიძის და მადონა დავითაძის სახლებთან. აღნიშნულ საკითხებს უახლოეს პერიოდში შეისწავლის შესაბამისი გეოლოგირი სამსახური. საფრთხის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ოჯახის წევრებმა დროებით დატოვონ საცხოვრებელი სახლები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 0 422 25 93 17; 595 00 46 35;