აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

 აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაესწრო. 
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის შტაბი საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით შექმნა, რაც ხელს უწყობს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის კოორდინირებულ რეალიზაციას.
კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 0.20 ლარი იქნება.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50-55 ათას ტონა იქნება, საექსპორტო მანდარინს სეზონზე ამზადებს 40–მდე ციტრუსის მიმღებ დამხარისხებელი საწარმო რომელთა ჯამური სიმძლავრე შეადგენს 30 000 ტონაზე მეტს. საწარმოებში ხდება მანდარინის დაკალიბრება, პარაფინირება, პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირება.